მიყვარს მათთან ურთიერთობა, მიუხედავად მათი სირთულისა.
მიყვარს მათი ისტორიების მოსმენა, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ვგრძნობ მათ არარეალურობას.
მიყვარს მათი არტისტიზმი, დამოკიდებული იმაზე, თუ ვისთან აქვთ ურთიერთობა.
მიყვარს მათზე ზრუნვა, მიუხედავად იმისა ელოდებიან თუ არა ამას ჩემგან.
მახსოვს მე-2 კურსზე, მარინა ვაშაყმაძემ თავისუფალი თემის დაწერა გვთხოვა. არ მახსოვს რა თემაზე იყო საუბარი, თუმცა მძაფრად დამამახსოვრდა რეაქცია, რომელიც აუდიტორიის წინაშე მისი წაკითხვის შემდეგ მარინას ჰქონდა. დარბაზში ვისხედით ყველა ერთად, გაერთიანებული ლექცია გვიტარდებოდა, თუ არ ვცდები პრესის ბავშვებთან ერთად. რამოდენიმეს, თემა ხმამაღლა წაგვაკითხა. თვითონ უკან იჯდა, მბჟუტავ სინათლეში. ზოგადად დარბაზი არ იყო ნათელი, ფანჯარა ცოტა ჰქონდა, ძველი სტატიკური ხის სკამების სუნი ახლაც კარგად მახსოვს. ლექციის შემდეგ დარჩენა მთხოვა, ძალიან საყვარელი, თბილი და ყურადღებიანი ადამიანი იყო. განურჩევლად ყველა სტუდენტს გვიყვარდა. სიხარულით დავრჩი. ყველა რომ წავიდა მომიახლოვდა და მითხრა:
"ძალიან მინდა გთხოვო, რაც არ უნდა მოხდეს, ვინც არ უნდა გეკამათოს, დარჩი ისევ ასეთი როგორიც ხარ!" ცოტა დაბნეული და მომღიმარი სახე მქონდა, თემას არ ეხებოდა აშკარად მახსოვს, შესაბამისად ვერ მივხვდი რას გულისხმობდა. გააგრძელა: "მიუხედავად იმისა, მიიღებ თუ არა ადამიანებისგან იმას, რასაც ყოველდღიურად გასცემ, შენ იმით ხარ ბედნიერი რასაც გასცემ. ამიტომ გაეცი, ყოველთვის გაეცი! დარწმუნებული ვარ ბევრი გეკამათება ნუ ხარ ასეთი, დაიტანჯებიო. მე კი პირიქით გეტყვი, იმ დღიდან, როცა ამ ყველაფერს მოიშლი - დაიტანჯები." გამოვედი დერეფანში სასიამოვნო გრძნობა მქონდა, თუმცა ბევრი კითხვა მიტრიალებდა თავში. თემას გადავხედე გონებაში, ვერ ვხვდებოდი სად ამოიკითხა ეს ყველაფერი.
დღეს, როცა ამ ყველაფრის ნაკლებობას ხშირად განვიცდი, კარგად ვხვდები რას გულისხმობდა მარინა!
No comments:
Post a Comment